ანტონ ბალანჩივაძე "ბაღები" 14 - 23.10.2018

              ბაღი კულტურის თავისებური ფენომენია. მის სემანტიკურ პროგრამაში თავს იყრის  ფილოსოფიურ - რელიგიური და ესთეტიკური კონცეფციები.  თანამედროვე ადამიანისთვის ბაღის გაშენება მისი პერსონალური სივრცის გაფართოების, ურბანული გარემოდან გაქცევის, ორგანიზებული და იდეალური ადგილის მოძიების ან შექმნის გზაა. ბაღის გაშენების სურვილი მის არქეტიპულ მოდელთან მიახლოვების და ამ ტოპოსის მითოლოგიურ -  რელიგიური თუ ფილოსოფიური კონტექსტით  ინტერპრეტაციის ცდაა.

             ეს თემა, ხელოვნების არსებობის მანძილზე, ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ბაღის პროგრამა და ესთეტიკა ეპოქისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლებოდა. შუასაუკუნეებში ბაღი ნიშნების, ინდექსებისა და სიმბოლოების მოწესრიგებულ სისტემას წარმოადგენდა, რომელიც წიგნივით საკითხავი იყო და ამიტომ   ბაღი ხშირად წიგნთან იყო გაიგივებული;   წიგნებს  უწოდებდნენ „ბაღებს“, „ლიმონარიუმებს“, ხოლო მწერლები მებაღეებად მოიხსენიებოდნენ, რომლებიც „ასოების და სიტყვების ბაღებს ჰქმნიდნენ“. სწორედ ბაღი წარმოადგენდა უნივერსუმის მიკროსქემას, სამყაროს საწყისის და სამოთხის იდენტურ და ხილულ სიმბოლოს და ბაღის გაშენება და მასში ყოფნის სურვილი დაკარგულ სამოთხეში დაბრუნების მცდელობად აღიქმებოდა. 

           ამიტომ ბაღის გაშენება  მსოფლმხედველობითი, კულტურული და ესთეტიკური მოდელის დანერგვაა და თუ აღარ გვაქვს ბაღების გაშენების ადგილი და სურვილი, მაშინ ვკარგავთ სამყაროში ჰარმონიულად არსებობის ილუზიას, რადგან ირღვევა  პროპორციულობა ადამიანი/ბუნების შესაბამისობის თვალსაზრისით, რასაც საბოლოოდ  ეკოლოგიური პრობლემები და კულტურული შოკი მოჰყვება. 

          გავაშენოთ ბაღი გალერეის „ტერიტორიაზე“!

          ჩვენი გალერეის  პროექტი გულისხმობს ბაღების პერსონალური მოდელის შექმნას, სადაც „მებაღეებს“, შუასაუკუნეების მწერლების მსგავსად, მხატვრები წარმოადგენენ.  

          პირველი ბაღი ანტონ ბალანჩივაძემ „გააშენა“.

          მხატვარი ბაღის ვიზუალიზაციისათვის ტრადიციულ  მითოლოგემას იყენებს: ლანდშაფტურ მოდელს -  მიწა/ცა/არსების -  ტრიადით, ზღაპრის მისტერიის ფორმატით და ტოტემის არაიერარქიული პროგრამით, რომელიც ყველა არსების თანაბარუფლებიანობას და კავშირს მოიაზრებს.   ჯადოსნურ ბაღებს გვთავაზობს, როცა ტყე  საიდუმლეობით არის მოცული,  ხეები და მცენარეები კოსმოგონიური სტრუქტურის სიმბოლოა, ადამიანები და ცხოველები კი ჰერალდიკური ან ნარატიული სცენარით მოქმედებენ. მხატვრისთვის ბაღი იმ სამყაროს სქემაა, რომლის უპირატესობას აღიარებს: მისტერიის ელფერით გამსჭვალული ჰარმონიულობა აერთიანებს მიწას, ცას, მცენარეებს, ვარსკვლავებსა და მნათობებს,  ცხოველებსა და ადამიანებს. სამყაროს ჰარმონიზაციის ეს ჰუმანისტური პოზიცია, ბაღის ხატით არის გადმოცემული ან ბაღის ელემენტებით შექმნილი. მხატვარი მიჰყვება თემის განვითარებას, თითქოს ბაღის სიღრმეში შედის, მის  დაფარულ და უხილავ სიღრმეებს წვდება, სიჩუმეს უსმენს... და რეალისტურ კომპოზიციებს აბსტრაქციით ანაცვლებს, სადაც ბაღის მოტივი მხოლოდ მინიშნებულია. რეალობის აბსტრაქციაზე გაცვლის პროცესი  მხატვარს თავისუფალი ოპერირების საშუალებას აძლევს, იმისთვის, რომ ბაღის ცნება სიმბოლოდ გარდაქმნას,  რაციონალური მიდგომა ირაციონალურ და ემოციურ პრეზენტაციად აქციოს, კონკრეტული  თემა კი უნივერსალურ ფასეულობად.

 

ბაია წიქორიძე