ვალერიან სიდამონ-ერისთავი ცნობილი მხატვრის უცნობი კოლექცია. მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე 02-15.12.2018

პროექტი "რარიტეტი"

კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი.

ცნობილი მხატვრის უცნობი კოლექცია

მოდერნიზმიდან სოცრეალიზმამდე

          საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია, კერძო კოლექციებში არსებული ხელოვნების ნიმუშების კვლევა, აღრიცხვა, რეაბილიტაცია, კატალოგიზაცია. კერძო კოლექციებში სამუზეუმო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშების მოძიება და პოპულარიზაცია – კულტურის პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი გალერეის პროექტი “რარიტეტი” ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევას და კერძო კოლექციებში ხელოვნების ისეთი ნიმუშების მოძიებას და პოპულარიზაციას, რომლებსაც უნიკალური და სამუზეუმო მნიშვნელობა გააჩნიათ და აღმოჩენამდე უცნობი იყო საზოგადოებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა კერძო კოლექციებში დაცული ის ნამუშევრები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ორიენტირებს წარმოადგენენ და მათი უმრავლესობა არასდროს ყოფილა გამოფენილი ან გამოკვლეული.

          ვალერიან სიდამონ -ერისთავი XX საუკუნის ქართული ფერწერის ერთ-ერთი მაშტაბური და მრავალმხრივი ფიგურაა, რომელმაც საუკუნის დასაწყისში ფაქტობრივად  განსაზღვრა ქართული მხატვრობის სხვადასხვა მიმართულებები. ამ მხატვრის სახელს უკავშირდება ისტორიული და ბატალური ჟანრის განვითარება ქართულ ფერწერაში, ქართული თეატრალური მხატვრობის სკოლის ჩამოყალიბება, კინოს მხატვრობის ისტორიის საწყისი ეტაპი და ქართული კულტურის სხვა ეპოქალური მოვლენები. მის შემოქმედებაში აისახა XX საუკუნის დასაწყისის კონტრასტული მოვლენები, რომელიც კულტურის სფეროსაც შეეხო, როცა საუკუნის დასაწყისის მოდერნისტული სტილი 30 – იანი წლებში სოცრეალისტური რეალიზმით შეიცვალა. ამ თვალსაზრისით, სენსაციურ ფაქტად და აღმოჩენად შეიძლება მივიჩნიოთ, ისეთი მნიშვნელოვანი ქართველი მხატვრის კოლექციის /400 – ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, ფოტო და სარქივო დოკუმენტები, მხატვრის ხელნაწერები/ გამოჩენა საგამოფენო სივრცეში და ხელოვნების ბაზარზე, როგორიცაა ვალერიან სიდამონ – ერისთავი, ქართული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა; XX საუკუნის ქართული ხელოვნების მეგა ვარსკვლავი; დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, პეტრე ოცხელის, ელენე ახვლედიანის, შალვა ქიქოძის თანამედროვე; ქართული თეატრის პირველი მხატვარი; საბჭოთა კინომხატვრობის პიონერი; ფერმწერი, გრაფიკოსი, ილუსტრატორი, პედაგოგი. კერძო კოლექციაში ასეთი მხატვრის ერთი ნამუშევრის მოძიებაც კი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, ხოლო მთელი კოლექციის /400 ნამუშევარი/ და კვლევა და ექსპონირება უპრეცედენტო მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, რომლის ანალოგიც საქართველოში, ამ დრომდე, არ მოიძებნება. ხელოვნების ბაზრის სტატისტიკის მიხედვით, ამ მხატვრის ნამუშევრები ნიკო ფიროსმანის, პეტრე ოცხელის, შალვა ქიქოძის და დავით კაკაბაძის მსგავსად, ყველაზე დეფიციტური ნამუშევრების სიაში მოიაზრება. მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი (300 მდე) საქართველოს მუზეუმებშია თავმოყრილი, რამოდენიმე მათგანი მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში და ბაქოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

           გამოფენა “ცნობილი მხატვრის უცნობი კოლექცია” მოიცავს 400 – ზე მეტ ნამუშევარს: ფერწერა, გრაფიკა, თეატრის და კინოს მხატვრობა, ესკიზების რამდენიმე ალბომი, ფოტოები, საარქივო დოკუმენტები; ანუ ერთობლივად იმდენივე ნამუშევარს, რაც მთლიანობაში საქართველოს მუზეუმებშია განთავსებული. ეს ფაქტი, ქართული ხელოვნების ბაზარზე ამგვარი მნიშვნელობის კოლექციის გამოტანის პირველი პრეცედენტია. ამ კოლექციის კვლევა და პოპულარიზაცია აღადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძალზე საინტერესო მონაკვეთს – XX საუკუნის პირველი ნახევრის კულტურის განვითარების პროცესს – ერთი მხატვრის შემოქმედების მაგალითზე. ამ კოლექციის თითოეული ჩანახატი, ესკიზი თუ დასრულებული ნამუშევარი უზარმაზარ კულტურულ ინფორმაციას იტევს. ამიტომ მისი შესწავლა ძალზე მნიშვნელოვანია ქართული კულტურის განვითარების პროცესის და ისტორიის აღსადგენად.  ბაია გალერეა უკვე ერთი წელია მუშაობს ამ პროექტზე. გალერეის მუშაობის შედეგად რესტავრაცია გავუკეთეთ მხატვრის 100 – ზე მეტ ნამუშევარს, შევისწავლეთ მასალა, საარქივო დოკუმენტები, შევქმენით კოლექციის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, ვებ გვერდი, ჩარჩოებში ჩავსვით საგამოფენო ექსპონატები, განვათავსეთ მასალა სოციალურ ქსელში, მოვამზადეთ ბიბლიოგრაფია. გამოფენის მომზადების პროცესში (კერძოდ, საგამოფენო პაკეტი, ჩარჩოები) დახმარება გაგვიწია საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები დაიყო ორ ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს ჩვენს მიერ უკვე ჩატარებულ სამუშაოებს და 2018 წლის გამოფენას. ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ეძღვნება მხატვრის საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 130 წლისთავს, დაეთმობა კატალოგის მომზადებას და გამოცემას, კოლექციის პოპულარიზაციასა და რეკლამას, მარკეტინგულ სამუშაოებს კოლექციის გასაყიდად და ფინალურ საიუბილეო გამოფენას „ვალერიან სიდამონ-ერისთავი – 130“, რომელიც გაიმართება 2019 წელს.

         გალერეის და კოლექციის მფლობელის მიზანია მთლიანობაში შეუნარჩუნოს ეს უნიკალური კოლექცია საქართველოს. მიუხედავად მრავალი შეთავაზებისა კოლექციის დაშლის და ნამუშევრების ცალ-ცალკე გაყიდვის მოთხოვნით, გალერეა ცდილობს იპოვოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენით დაინტერესებული პირი, რომელიც გადასცემს კოლექციას საქართველოს რომელიმე მუზეუმს ან შექმნის სათანადო პირობებსა კოლექციისათვის. რადგან ასეთი კოლექციის მოვლა–შენახვა და დაცვა საგანგებო პირობებთან არის დაკავშირებული, მისი მუზეუმში განთავსება საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ფასდაუდებელი შენაძენი იქნებოდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის და კვლევის თვალსაზრისით. მისი შეძენის ინიციატორისგან კი ეს იქნება ეროვნული საგანძურის გადარჩენის ფაქტი, რომლის მაგალითიც ექვთიმე თაყაიშვილმა მოგვცა. მითუმეტეს, რომ არ არის გამოცემული არცერთი ალბომი ამ მხატვრის შემოქმედებაზე. პროექტი ითვალისწინებს ისეთი დოკუმენტების გამოქვეყნებას, როგორიცაა მხატვართან დადებული ხელშეკრულებები, ნამუშევრების ლიბრეტოები, მოგონებები, კონტრაქტები, ფოტოები და სხვა. ამ მასალის გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია ვალერიან სიდამონ – ერისთავის შემოქმედებითი მოღვაწეობის აღდგენა, რადგან მუზეუმებში განთავსებული მასალა მისი შემოქმედების მხოლოდ ნაწილია.

კოლექციის შესწავლის, გამოფენის, საავტორო და ქონებრივი საავტორო უფლებების განკარგვის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის ბაია გალერეას.

პროექტის ავტორი და გამოფენის კურატორი – ბაია წიქორიძე.